ინტერვიუ მერაბ ჭირაქაძესთან Печать
09.06.2009 18:59
კითხვა - რა არის თქვენი გამოგონების არსი?

პასუხი - ჩვენი გამოგონების არსი არის წყლის ტალღის ენერგიის გაარდაქმნის ოპტიმალური ვარიანტის ჩვენება და შეთავაზება. საქმე ის არის, რომ წყლის ტალღის ენერგიის გამოყენება თანამედროვე ტექნიკური მეცნიერების ერთერთი აქტუალურ პრობლემათაგანია საპატენტო არქივის მონაცემთა მიხედვით ამ თემას ათასობით იდეა და ასობით მოდელი ეძღვნება. ერთერთი მათგანია ჩვენი ვარიანტიც.


კითხვა - იქნებ მოკლედ დაახასიათოთ, რით განსხვავდება თქვენი ვარიანტი უკვე არსებული სხვა იდეებისა და მოდელებისაგან.
პასუხი
-  ჩვენი ვარიანტი, ჩვენთვის ცნობილი ყველა სხვა მოდელისა და იდეისაგან განსხვავდება პრობლემის ტექნიკური გადაწყვეტის სიმარტივით. კერძოდ: წარმოიდგინეთ ბაგირი, რომლის ერთი ბოლო დამაგრებულია ზღვაში, ტივტივაზე, ხოლო მეორე ბოლო გამოდის ნაპირზე. შესაბამისად, ეს ბაგირი განლაგებულია ტალღის გავრცელების მიმართულების გასწვრივ, ტივტივებს წყალზე და, სათანადო კონსტრუქციის წყალობით, თავისუფლად ბრუნავს საკუთარი ღერძის ირგვლივ. ამ პირობებში, ბაგირის იმ ბოლოში, რომელიც გამოდის ნაპირზე, სათანადო მოწყობილობის საშუალებით ვიღებთ ელექტროენერგიას.



კითხვა - რა აბრუნებს ბაგირს?
პასუხი
- წარმოიდგინეთ ბორჯღალი ან ჯვარი, რომლის დრეკადი ფარფლები ღერძზე დამაგრებულია მართობულად (პერპენდიკულარულად). ასეთ დრეკადფარფლებიან მოწყობილობას (პირობითად მას შეიძლება რევერსიული მაძრავი ან ტურბინა ვუწოდოთ) აქვს შემდეგი თვისება: ღერძის გასწვრივი პირდაპირი და უკუდინების ნაკადი წყლისა მას ერთსა და იმავე მიმართულებით აბრუნებს. ამგვარი რევერსიული ტურბინების ერთობლიობა არის კიდევაც წყლის ტალღის ენერგიის გარდამქმნელი ტურბინა.


კითხვა - რა უპირატესობა აქვს თქვენს ვარიანტს დღემდე არსებულ მოდელებთან შედარებით?
პასუხი
- ეს მოდელი ჩვენთვის სადღეისოდ ცნობილ ტურბინებზე გაცილებით უფრო მარტივი, მდგრადი და იაფია. ჩვენი ვარაუდით ეს პრინციპი შეიძლება ჩაითვალოს მოტივტივე ტურბინათა კლასიფიკაციის ერთერთ მიმართულებად. ტექნიკური ვარგისიანობა კი შეფასდება მისი ღირებულების ამოგების ვადის მიხედვით.


კითხვა - კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით, რით ასაბუთებთ, რომ თქვენი მოდელი ტურბინათა სხვა მოდელებს სჯობს?
პასუხი
- საბუთი რამდენიმეა:
  1. ჩვეულებრივ, იყენებენ ცალკეული ტალღის მექანიკურ ენერგიას, გარკვეულ ფაზაში; ჩვენს შემთხვევაში გამოიყენება ტალღათა მთელი წყობილების ენერგიათა ჯამი ტურბინის მთელ სიგრძეზე, ფაზათა განურჩევლად. ტურბინის სიგრძე, პრაქტიკულად, შეიძლება აღემატებოდეს რამდენიმე ასეულ მეტრს.
     

  2. ენერგიის ნებისმიერი მიმღები ტურბინა (ქარის, მდინარის, ზღვის ტალღის და მისთ.) აუცილებლად უნდა დამაგრდეს, რათა მოძრავმა გარემომ გადასცეს მას მექანიკური ენერგია. ეს კი დამატებითი სპეციალური ტექნიკური ამოცანის გადაწყვეტას მოითხოვს. ჩვენი მოდელის კონსტრუქციული თავისებურება ის არის , რომ არ საჭიროებს ტურბინის დამაგრებას, რადგანაც მასზე მოქმედი ძალები ერთმანეთს აწონასწორებენ (გარდა იმ ძალებისა რომელიც მის ბრუნვას იწვევს), ამიტომ იგი გაცილებით იაფია.
     

  3. ერთერთი მნიშვნელოვან პრობლემათაგანია ენერგიის გამოტანა. მაგალითად, წყლის სიღრმიდან (ზღვის ფსკერიდან) ელექტროენერგია, ჩვეულებრივ, სადენებით გამოაქვთ, რაც არსებით ტექნიკურ პრობლემებს ქმნის. ჩვენს მოდელს ეს არ სჭირდება, რადგან მექანიკურ ენერგიას უშუალოდ ნაპირზე ვიღებთ.
     

კითხვა - თქვენი მოდელით რა ოდენობის ენერგიის მიღებაა შესაძლებელი?
პასუხი
- ჩვენ ლაბორატორიული მაკეტის სახით შევიმუშავეთ მხოლოდ რევერსიული ტურბინის პრინციპული მოდელი, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებს ამ მოდელის მოქმედების პრინციპს. მიღებული ელექტროენერგიის ოდენობა კი დამოკიდებულია როგორც ტურბინის მასალასა და ზომებზე, ასევე, ტალღათა (ტბის, ზღვის, ოკეანის) მახასიათებლებზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტურბინა უნდა აიგოს ცალკე საინჟენერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტით.


კითხვა - მუშა მოდელის აგებას თუ აპირებთ?
პასუხი
- სამწუხაროდ, ამის რესურსი არ მოგვეპოვება, მაგრამ თუ დაგვიკვეთავენ, აუცილებლად ავაგებთ.


კითხვა - ამ პრობლემის მეცნიერული კვლევა თუ მიმდინარეობს?
პასუხი
- სამწუხაროდ, არა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ ჰყავს ენერგეტიკის, ჰიდროლოგიისა და მათი მომიჯნავე სამეცნიერო დარგების მაღალი დონის მკვლევრები, რომლებსაც ხელეწიფებათ ამ თემაზე წარმატებით მუშაობა, სადღეისოდ ამის არავითარი პირობა არ არსებობს. წარსულ ათწლეულებში, ხელოვნური ტალღის მისაღებად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არსებობდა 30-მდე დანადგარი, რომელთაგან ახლა გადარჩენილია მხოლოდ ერთი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკეანოლოგიის ლაბორატორიისა, ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული, ადრე არსებულთა შორის. საიდუმლო არ არის, რომ სერიოზული დაფინანსებისა და ტექნიკური ბაზისის უქონლად, შიშველი ენთუზიაზმით მნიშვნელოვანი შედეგების მიღება არარეალურია.


კითხვა  - რა ბედი ელის თქვენს ტურბინას, რას აპირებთ მომავალში?
პასუხი
- ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ინტერნეტით გავავრცელოთ არსებული მასალა. პარიზის კონვენციის თანახმად, 1 წლის მანძილზე გვაქვს დაპატენტების პრიორიტეტი მსოფლიოს 100 ქვეყანაში. თუ ამ დროის განმავლობაში გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც დააფინანსებს ცალკეულ ქვეყანაში ჩვენი ტურბინის დაპატენტებასა და წარმოებას, ჩვენ მზადა ვართ მეცნიერული კვლევის, პრაქტიკული კონკრეტული პროექტის შედგენისა და დანერგვისათვის.

გამოქვეყნდა 20.10.2009 19:34