E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ალტერნატიული ენერგეტიკა Печать E-mail
27.09.2010 17:48

1. ბიომასის ერთობლივი წარმოების პროექტი ისრაელში. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება

გ. ჯინჯიხაშვილი, დ. იტჩაკი, მ. სუჰერი
(ისრაელი)

წარმოდგენილია ელექტროსადგურის პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ბიომასის ნარჩენების ერთობლივი წარმოების ისრაელის კვების მრეწველობაში. პროექტის მიზანია ელექტროსადგურის უზრუნველყოფა იაფი და სუფთა ელექტრო- და თერმული ენერგიით.

დასაბუთება მომზადებულია ისრაელის ელექტროკომპანიის საინჟინრო განყოფილების მექანიკური სისტემების დიზაინის დეპარტამენტის მიერ “ეკოტოპ კარმიელ”-თან ერთად და მიზნად ისახავს დოკუმენტური ბაზის მომზადებას ბიომასის ნარჩენების დაწვისათვის კომბინირებული სათბობ-ენერგეტიკული (კსე) დანადგარის დამონტაჟებისა და ამუშავების ერთობლივ პროექტისათვის. მსგავსი ქარხანა მუშაობს 24 სთ-ის განმავლობაში, ყოველდღიურად, პარასკევის, შაბათისა და უქმე დღეების გარდა. რამდენიმე მძიმე ნავთობის საწვავ ქვაბში ხდება 58 ტ/სთ ორთქლის 12 ბარ-ზე წარმოქმნა.

ელექტროენერგიის ხარჯი შეადგენს დაახლოებით 7 მგვტ-ს, ქარხანა იკვებება 24 კვტ-იანი ხაზით.
ძირითადი ვარაუდებია, რომ ხის მტვერი 18,000 კჯ/კგ წვის დაბალ სითბოზე დაიწვება ფსევდოგათხევადებულშრიან ქვაბში, რომელიც აწარმოებს დაახლოებით 30 ტ/სთ ორთქლს (საჭირო ტექნოლოგიური ორთქლის დაახლოებით ნახევარს). ორთქლის ნაკადი, გაივლის რა იგი უკუწნევის ტურბინას, აწარმოებს ელექტროენერგიას, რომელიც შეესაბამება ქვაბში წარმოებული ნედლი ორთქლის ენტალპიის სხვაობას, რაც საჭიროა ტექნოლოგიური პროცესისათვის. ტურბინის მილიდან გამოსული ორთქლი გამოყენებული იქნება, როგორც ეს დღეს ხდება, ქარხნის ტექნოლოგიურ პროცესებში.



2. ბიომასისაგან სითბოსა და ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავების ახალი ტექნოლოგია

გ.ჯინჯიხაშვილი, ი.ვლადისლავსკი, ზ.ბილდერი
(ისრაელი)

შ.პ.ს. "ჟენოვამ" შეიმუშავა ბიომასისაგან მცირე დანადგარების საშუალებით ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავების ახალი ტექნოლოგია. ტექნოლოგიის ბირთვი შედგება ვერტიკალურ პიროლიტურ რეაქტორისაგან, სადაც ხდება ბიომასის შრის მოძრაობა და არევა ასარევი-მიქსერის საშუალებით. ბიომასის ნედლი ნაწილაკები ერევა მანამდე წარმოებულ ხის ნახშირის ცხელ ნაწილაკებს, რომლებიც ასევე გარდაიქმნებიან ხის ნახშირად. ადგილობრივი ნაპერწკალი (მიკროპლაზმა), რომელიც წარმოიქმნება დენის გამო, რომელიც გადის გამტარი (ხის ნახშირი) და დიელექტრული (ნედლი ბიომასა) ნაწილაკების ამრევში, იწვევს ინტენსიურ სითბოს და გარდაქმნის უკანასკნელს ხის ნახშირის და ორთქლგაზის ნარევად. ხის ნახშირის ნახევარი ჩადის ქვედა განყოფილებაში, რომელიც წარმოადგენს ქვედა გაზწარმომქმნელისა და ცხელი ნახშირის ფილტრის კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს გუდრონის დიდი ნაწილის მოცილებას. ამის შემდგომ ხდება გაზწარმომქმნელის, გამრეცხი და გამაგრილებელი სისტემების მიერ წარმოებული გაზის ძრავაში (ან ტურბინაში) დაწვა, რათა წვის კამერაში მოხდეს სითბოსა და ენერგიის წარმოება. ბოლოს ხდება წვის შედეგად მიღებული გაზების განზავება ჰაერით იმისათვის, რათა ტემპერატურა დაწეული იქნას 5000C-მდე.



3. ბირთვული ენერგიის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების მოკლე მიმოხილვა

პ. კერვალიშვილი
(საქართველო)

ბირთვული ენერგია წარმოადგენს ნახშირბადისაგან თავისუფალ ელექტროენერგიის წყაროს, და, ამის გამო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სათბურის ეფექტის შემცირებაში.

ამიტომაც, უსაფრთხოების, მდგრადობის, საიმედოობისა და რეაქტორების ღირებულების ეფექტურობის საკითხებში სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნისა და კომპეტენციის გაზრდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური საზოგადოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

ნაშრომი წარმოგვიდგენს ბირთვულ-ენერგეტიკული სისტემების განვითარების არსებული დონის მოკლე ანალიზს. ამ დარგში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პირველ ამოცანას იმ კონცეფციებისა და ტექნოლოგიური პროცესების დამუშავებისა და განვითარების კოორდინაცია წარმოადგენს, რომელიც ბირთვული ენერგიის ახალი ეფექტური ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შექმნას ემსახურება.

ნაჩვენებია, რომ ჩატარებული თეორიული, ფიზიკა-ტექნიკური და ტექნოლოგიური კვლევითი სამუშაოები ნათლად წარმოაჩენენ ახალი მოწყობილობებისა და კონსტრუქციული სქემების გამოყენების პერსპექტივას მაღალეფექტური გენერაციული, მმართველი და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემების შექმნაში სხვადასხვა ბირთვულ რეაქტორისათვის.

გამოქვეყნდა 02.10.2010 19:21
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.