E ISSN 1987 - 8257

სამეცნიერო სტატიები Печать E-mail
16.10.2009 19:41

1. ხმელთაშუა ტიპის ზღვების ცალკეული ზონების ჟანგბადით გამდიდრების საკითხებთან დაკავშირებით

ჯ.კილასონია

მოცემულია შავი და ბალტიის ზღვების ეკოლოგიური მდგომარეობის მიმოხილვა, კერძოდ, აღნიშნულია მათში ჟანგადის რეჟიმის გაუარესება და ამ მოვლენის წარმოშობის ძირიტადი მიზეზები. წარმოდგენილია ავტორის მიერ შესრულებული აღნიშნული ზღვების ცალკეული უბნების ჟანგბადით გამდიდრების გაუმჯობესებული საინჟინრო სქემა ზღვის ტალღების ენერგიის გამოყენებით. ამ ამოცანის განხორციელების მიზნით, გამოსაყენებელი სპეციალური ნაგებობების გასაანგარიშებლად გამოყენებულია მეცხერი წყლის ტალღების თეორიის დამოკიდებულებები იმ პირობით, რომ შემდგომში შესრულდეს შედეგების დაზუსტება. აღინიშნება, რომ ამ ნაგებობებს უნდა გააჩნდეს სხვადასხვა გაბარიტები და ამავდროულად ისინი ორიენტირებული უნდა იქნას ისეთ ტალღებზე, რომელთა აღმატების ალბათობა საკმარისი იქნება ზღვის ფენების ჟანგბადით ოპტიმალურ გამდიდრებისთვის. შავი ზღვის პირობებისთვის იდეის დონეზე შემოტანილია წინადადება ზღვის წყლის ზედა ფენების გამდიდრება ჟანგბადით, ენერგეტიკული დანიშნულების ნაგებობების აგებასთან კომბინაციაში.


2. მაგისტრალური ნავთობსადენების გამშვები რეჟიმის ჰიდროდინამიკური გათვლა

დ. ნამგალაძე

ნაშრომში ანალიზური სახით მიღებულია ტუმბოს ჩართვისას ნაკადის აღმწერი დიფერენციალური განტოლების საწყისი და სასაზღვრო პირობები, საკეტის მახასიათებლის გათვალისწინებით. ანალიზურადაა ამოხსნილი ნავთობსადენის გამშვები რეჟიმის აღმწერი დიფერენციალური განტოლება, სასრული ფურიე-გარდაქმნის მეთოდის საშუალებით. მიღებული ანალიზური ამონახსნის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს წნევა და საშუალო სიჩქარე ნავთობსადენის ნებისმიერ კვეთში, დროის ნებისმიერ მომენტში.


3. ჰესების მშენებლობის ინვესტირების რისკ-ფაქტორები გამოწვეული მდინარის ჩამონადენის ალბათური ბუნებით

ნ.კოდუა, ა.ახვლედიანი, ვ.შარიქაძე

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ინვესტირებული თანხის დაფარვა სწარმოებს მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის გასაღებიდან შემოსული სახსრებით. რადგანაც წლიური ჩამონადენი იცვლება ყოველწლიურად, მიღებულია გაანგარიშებები ჩატარდეს ხელთარსებული ჰიდროლოგიური რიგის გამოყენებით. მაგრამ, ცხადია, ექსპლუატაციის პერიოდში დაკვირვებაში მოცემული მდინარის ხარჯები არც თანმიმდევრობითა და არც ოდენობით არ განმეორდება, რაც შემოსავლის ოდენობაზეც აისახება. ასეთი მდგომარეობა ინვესტირებული კაპიტალის დაფარვის რისკს წარმოშობს. რისკისაგან თავის დაღწევის ავტორების მიერ შემოთავაზებული მიდგომა მდგომარეობს შემდეგში: დაკვირვებაში არსებული ჰიდროლოგიური რიგის მიხედვით უნდა შედგეს ადეკვატური სტატისტიკური მოდელი, რომლის საშუალებით მონტე-კარლოს მეთოდით მოხდება სასურველი სიგრძის ხელოვნური ჰიდროლოგიური რიგის გენერირება.

თითოეული რიგისათვის გამოითვლება საშუალო მრავალწლიური ხარჯები და მათი გამოყენებით იანგარიშება საშუალო მრავალწლიური გამომუშავებული ელექტროენერგია. ამის საშუალებით შეიძლება აიგოს ალბათური განაწილების ჰისტოგრამა და მისი სააპროქსიმაციო განაწილების მრუდი. ამ მრუდის საშუალებით დადგინდება 90%-იანი საიმედოობის მქონე გამომუშავების მნიშვნელობა და მისი შესაბამისი ტარიფი.


4. წევის ქვესადგურის ნახევარგამტარული გარდამსახი სისტემის დამუშავება და ანალიზი გარდამავალი პროცესების კომპიუტერული მოდელირებით

გ.კოხრეიძე, დ.ლაოშვილი, დ.კოხრეიძე, ი.ყურაშვილი, ლ.ინჯია

წარმოდგენილია წევის ქვესადგურის ნახევარგამტარული გარდამსახი სისტემის დამუშავების შედეგები. შედგენილია ნახევარგამტარული ტირისტორული გარდამსახის პრინციპული ელექტრული სქემა "ორფაზა გამათანაბრებელი რეაქტორიანი ორი შებრუნებული ვარსკვლავის" სქემით იმპულსური რეგულირებადი მუდმივ დენის წევის ძრავების გათვალისწინებით.

შექმნილია ელექტრომოძრავი შემადგენლობის დატვირთვის გათვალისწინებით წევის ქვესადგურის პროცესების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების თეორიის საფუძვლები.

შედგენილია წევის ტრანსფორმატორის ჯამური საგრაგნილო დენების, პირველადი და მეორადი გრაგნილების ფაზური დენების მყისა მნიშვნელობების, დატვირთვის დენის და გამათანაბრებელი რეაქტორის დენის დროის ფუნქციაში ფორმირების ბლოკ-სქემა, როგორც არასაკომუტაციო, ასევე კომუტაციურ ინტერვალებისათვის.

დადგენილია გარდამსახის მდგრადი მუშაობის პირობები ინვერტორულ რეჟიმში მეორადი ვენტილური გრაგნილების ხვიათა რიცხვის ტირისტორული რეგულირების გათვალისწინებით.

განხორციელებულია ენერგიის რეკუპერაციისას წევის ძრავების ავტომატური იმპულსური მართვა გამართველიდან ინვერტორულზე გადართვის და, პირიქით, რეჟიმებისათვის გაზრდილი სიმძლავრის კოეფიციენტის უზრუნველყოფით.



5. იძულებითი პროგრესიული ტალღის ძირითადი პარამეტრების .პროგნოზის ოპერატიული მეთოდიკა


თ.გველესიანი

განიხილება იძულებითი პროგრესიული ტალღის მათემატიკური მოდელი, რომელიც გენერირებულია სითხის ნახევრად შეზღუდული ჰორიზონტალურ ფენაში ტალღწარმომქმნელის პროგრესიული ტალღის სახით ჰარმონიული რხევის შემთხვევაში. ტრანსცენდენტური სახის დისპერსიული განტოლება ამყარებს, კერძოდ, კავშირს ისეთ პარამეტრებს შორის, როგორიცაა: ტალღწარმომქმნელის რხევის სიხშირე და პროგრესიული ტალღის სიგრძე. დისპერსიის განტოლების ამოხსნა ხორციელდება იტერაციის მეთოდით, კერძოდ კომპიუტერული გრაფიკული აგების საფუძველზე.

განიხილება დისპერსიის განტოლების ფესვების განსაზღვრის უფრო გამარტივებული მეთოდი. ავტორის მიერ მიღებულია მიახლოებითი გამოსახულება, რომელიც განკუთვნილია პროგრესიული ტალღის სიმაღლის განსასაზღვრელად. ცდომილება ავტორის მიერ შემოთავაზებული მიახლოებითი და ზუსტი მეთოდებით განსაზღვრულ ტალღის პარამეტრებს შორის არ აღემატება 2%-ს.



6. ჰიდრავლიკური ნახტომებისა და მგორავი ტალღების წარმოქმნის კრიტერიალური პირობების შესახებ


გაგოშიძე შ.

განიხილება გრძელი ტალღების გავრცელება წყლის ცვალებადი სიღრმის მქონე სტაციონალურ დინებებზე. შემოთავაზებულია გრძელტალღოვან შეშფოთებათა ძირითად განტოლებათა სისტემის გაწრფივების ახლებური მეთოდი, რომლის გამოყენება მუდმივი სიღრმის მქონე ნაკადებისათვის საშუალებას გვაძლევს დადგენილ იქნეს, როგორც ტალღების ბლოკირების (შეჩერების) და ჰიდრავლიკური ნახტომების წარმოქმნის კრიტერიუმები – დინების საწინააღმდეგოდ მიმართული ტალღებისათვის, ასევე დამსხვრეული მგორავი ტალღების წარმოქმნის პირობები დინების მიმართულებით გავრცელებული ტალღებისათვის.

G ჰიდრავლიკური ნახტომის შეუღლებულ სიღრმეთა საანგარიშოდ, მოძრაობის რაოდენობის ცვლილების კანონის  გამოუყენებლად, მიღებულია  ახალი დამოკიდებულება, რომელიც არსებულისგან განსხვავებით ერთნაირად ვარგისია როგორც სრულყოფილი ნახტომისათვის, ასევე ე.წ. ნახტომ – ტალღისათვის.



7. ენერგეტიკული კომპლექსის ახალი წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციები


ა.ყუბანიეშვილი

განიხილება ენერგეტიკულ კომპლექსისთვის განკუთვნილი რკინაბეტონის ის ახალი წინასწარ დაძაბული კონსტრუქციები (საკვამლე მილი, მაღალი ძაბვის საყრდენები, თაღოვანი კაშხალი, წყალსადინარის ღარი), რომელთა ზედაპირი მოხაზულია ცალკალთა ჰიპერბოლოიდით. ამ ზედაპირის მსახველების სწორხაზოვნება გამოიყენება მათი გასწვრივ არმატურის ორიენტაციისათვის, რომელთა დაჭიმვის შედეგად მიიღება გადიდებული სიხისტისა და ბზარმედეგობის კონსტრუქციები.



8. დინამიკური მდგრადობის გამოკვლევის დროს მიღებული ელექტროსისტემების ელექტროდინამიკური მოდელირების შედეგების ანალიზი


ა.კულიევი

განხილულია მოსკოვის ენერგეტიკის ისტიტუტის მიერ Éლეცტრიციტé დე Fრანცე-თან ერთად ჩატარებული მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტის ანალიზის შედეგები. განხილულია საცდელი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ავტომატიზაცია. შედეგების ალბათობების განაწილების კანონზომიერების დასადგენად. ჩატარებულია სტატისტიკური ანალიზი. დადგენილია რაოდენობრივი კავშირები და დაკავშირებულია სისტემის სიმძლავრესთან. ორივე ორგანიზაციის შედეგები მნიშვნელოვნად ემთხვევა სიზუსტის შეფასების კუთხით.



9. თაღოვანი კაშხლების ნორმალური ექსპლუატაციის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზის შესახებ

ა.ჭრელაშვილი

შესწავლილია პრობლემური საკითხები, რომლებიც ეხება ექსპლუატაციაში მყოფ თაღოვან კაშხლებში ანომალური მოვლენების გავლენის შედეგად წარმოშობილ დარღვევებს. თანახმად ავტორის მოსაზრებისა, საჭიროა, პირველ რიგში, მეცნიერული კვლევის საფუძველზე დამტკიცდეს ასეთი თაღოვანი კაშხლების ნორმალური მუშაობის მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომწვევი რეალური მიზეზები. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნატურული დაკვირვებებისა და ანომალური მოვლენების გამომწვევი სავარაუდო მიზეზების თეორიული ანალიზის საფუძველზე პირობით უცნობ საძიებელ სიდიდედ მიღებულ იქნეს რომელიმე ის ფაქტორი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ამ მოვლენების გამომწვევ სავარაუდო მიზეზად. ასეთ სიდიდეებად ავტორს, კონკრეტულად ენგურის თაღოვანი კაშხლის ტანში დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ცვლილების გამომწვევ მიზეზად განხილული აქვს მისი ფუძის დეფორმაციის მოდულების სიდიდეების ცვლილება. ეს გამომდინარეობს ამ ნაგებობის ფუძეში ფილტრაციული მოვლენების მნიშვნელოვნად გაზრდილ მაჩვენებლებიდან. ამ სახის ამოცანის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნას ვექტორული ორთოტროპული სისტემების შერწყმის მეთოდი.



10. თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის მცირე დინებებში ბუნებრივი გარემოს გარდაქმნითა და ჰიდროელექტროკაშხლებით გამოწვეული ზეგავლენა ორაგულის პოპულაციაზე

კ.სეიჰანი, ე.მაზლუმი, დ.ტურანი, ს.ენჯინი, გ.დალგიჩი, ჰ.იმამოგლუ

ორაგულს უწოდებენ მსოფლიოს თევზთა მბრძანებელს. ნათქვამია, რომ მას მეცნიერული სახელი მიანიჭა იულიუს ცეზარმა, რომელმაც გაიგო რაღაც თევზზე, რომელსაც ჰქონდა სწრაფად ხტუნვის უნარი, რის გამოც მან თევზს უწოდა “სალმო” (“მხტუნავი”). შავი ზღვის კალმახი და ორაგული (შალმო ტრუტტო ლაბრახ) იბადება მტკნარ წყალში, პატარა დინებებში, ხოლო შემდეგ ხდება მათი მიგრაცია შავ ზღვაში კვების მიზნით. გამრავლების მიზნით პატარა დინებებში მიგრაციის დროს ისინი ხდებიან მეთევზეებისა და ადამიანური ჩარევის, ასევე თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში განხორციელებული ჰიდროელექტროგენერაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მსხვერპლნი.
ახლახან თურქეთის აღმოსავლეთ შავის ზღვის ჩაგლაიანისა და ფირტინას დინებებში მოხდა ორაგულის პოპულაციის ადამიანური ჩარევით გამოწვეული მასიური განადგურების კლასიკური მაგალითი, რომლის შესახებაც, უმეტეს შემთხვევაში, არ არის ხელმისაწვდომი დეტალური ინფორმაცია.

შესაბამისად ნაშრომში დეტალურად უნდა შეფასდეს აღმოსავლეთ შავ ზღვაში შალმო ტრუტტო ლაბრახ-ის ცხოვრებისეული (ბიოლოგიური) ციკლი, ყურადღება უნდა გამახვილდეს პრობლემებზე, რომლის წინაშეც იდგა “ლაბრაქსი” და რეკომენდაციებზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება მათი დაძლევა.



11. წრიულ ცილინდრულ მილში ბლანტი სითხის ენერგიის დანაკარგების გაანგარიშების შესახებ

ა.სარუხანიანი

განიხილება წრიულ ცილინდრულ მილში ბლანტი სითხის მოძრაობა. განივი კვეთის მიმართ სიჩქარის ცვალებადობის კანონი გამოისახება ლამინარული მოძრაობის დებულებების მიხედვით, სადაც მოქმედი მხები ძაბვები განისაზღვრება ნიუტონის ფორმულით. ინტეგრირების მუდმივები გამოითვლება მიღებული სასაზღვრო პირობების გათვალისწინებით. გაანგარიშების შედეგების მიხედვით მიღებულია: ცილინდრულ მილში ნაკადის საშუალო სიჩქარე, ხოლო ცოცხალი კვეთის მიმართ, სიჩქარეების განაწილების განტოლების გამოყენებით კი - სიჩქარეების მაქსიმალური მნიშვნელობები.

აგებულია სიჩქარეებისა და მხები ძაბვების ცვალებადობის გრაფიკები ცოცხალი კვეთის ფარგლებში მილის ღ1 და ღ2 რადიუსების სხვადასხვა მნიშვნელობების დროს. განსაზღვრულია ცოცხალი კვეთის ფარგლებში არათანაბრად განაწილებული სიჩქარის გამომსახველი დამხმარე კოეფიციენტები და და აგებულია შესაბამისი გრაფიკები.

გაანგარიშების საბოლოო შედეგია ცილინდრულ მილში ენერგიის საერთო დანაკარგების გამოსახულებების მიღება.. აგებულია ამ გამოსახულებების ამსახველი გრაფიკები.



12. ბიოგენური იზოპრენი:  მეცნიერულ გამოგონებიდან პრაქტიკულ გამოყენებამდე


გ.სანაძე

მოყვანილია იზოპრენული ეფექტის (იე) კვლევების განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა. ხაზგასმულია სინათლის, როგორც ენერგიისა და ნახშირბადის ჩO2-ის განსაკუთრებული როლი იზოპრენული ეფექტის შექმნაში. ისინი ერთობლივად ქმნიან ენერგოპლასტიკურ ნაკადს, რომელიც ჭვალავს მწვანე ფოტოსინთეზურ უჯრედს. არსებული მონაცემები იძლევა საშუალებას, რათა განხილულ იქნას იე, როგორც ფურცლის ექსკეტორული ფუნქციის გამოვლინება. გაკეთებულია მცდელობა, რათა აღწეროს იე როგორც თერმოდინამიკის წონასწორული პროცესების წარმოდგენა. ნაჩვენებია, რომ უჯრედს გააჩნია დისიპაციური სტრუქტურა. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი მონსონისა და მისი თანამშრომლების უახლეს მონაცემებს. ეს ეხება ფოტოსინთეზურ უჯრედში ორმაგი კარბოქსილირების არსებობას, რომელიც ხელს უწყობს იზოპრენის წინამორბედის - დიმეთილალილპიროფოსფატის - წარმოშობას. მთლიანობაში იე განიხილება, როგორც ნახშირბადისა და თავისუფალი ენერგიის გარდაქმნა ფოტოსინთეზური რეაქციის ჯაჭვში ჩO2-ს დეფიციტის პირობებში განათებული ავტოტროფული უჯრედის შიგნით. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც მუდმივად იწვევს ენთროპიის დისიპაციას. აღწერილია იზოპრენის დიდი რაოდენობით (ერთუჯრედიანი ტრანსგენური ორგანიზმების დახმარებით) წარმოებისთვის შექმნილი პირველი ფოტობიოლოგიური რეაქტორი. განიხილება უჯრედის მიერ თავისუფალი ენერგიის აუცილებელი კარგვის საკითხი.

გამოქვეყნდა 07.04.2010 13:52
 
© 2021 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.